თენგიზ შარმანაშვილი ელენე ხოშტარიაზე: როდესაც რუსეთის ბიუჯეტიდან პირდაპირ ფინანსდება ადამიანი, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ის არის ერთ-ერთი ლიდერი ანტირუსული მოძრაობისა საქართველოში, მოსახლეობისთვის ამის შემოთავაზება არის ცინიზმი

თენგიზ შარმანაშვილი

როდესაც რუსეთის ბიუჯეტიდან პირდაპირ ფინანსდება ადამიანი, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ის არის ერთ-ერთი ლიდერი ანტირუსული მოძრაობისა საქართველოში, მოსახლეობისთვის ამის შემოთავაზება არის ცინიზმი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ელენე ხოშტარიას მამის ანგარიშზე 9 მილიონი რუბლის ჩარიცხვაზე საუბრისას.

„ვინ შეიძლება დაიჯეროს, რომ ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო დაუშვებს თუნდაც 1 რუბლის ჩასვლას რომელიმე ქვეყანაში და მისვლას იმ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, რომელიც გაცხადებულად ანტი რუსულ პოლიტიკას ეწევა. არავის ეგონოს, რომ სიმშვიდე უნდა საქართველოში თუნდაც რუსეთს. ჩვენი თავი ხელში უნდა ავიყვანოთ, ჩვენს უსაფრთხოებაზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ, არც ერთი სხვა სახელმწიფო შენს სტაბილურობაზე არ იზრუნებს.

მოვახდინეთ ჩვენი სუვერენიტეტის მაქსიმალურად განმტკიცება. ჩვენ თავს დავიცავთ, როგორც რუსეთის მხრიდან შემომავალი პროვოკაციებისგან, ასევე სხვა ქვეყნებიდან შემომავალი პროვოკაციებისგან. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა არის ამ ქვეყნის მთავარი ამოცანა. თუ ქვეყანას ეს არ შეუძლია, ის ქვეყანა ვერ შედგება. სწორედ ეს აღიზიანებს ჩვენს „კეთილისმყოფლებს“ შინ თუ გარეთ“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

„ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ელენე ხოშტარიას დაკავებიდან რამდენიმე საათში, მისი მამის, გოგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი რუბლი ჩაერიცხა, რაც დაახლოებით 110 000 დოლარის ეკვივალენტია.