13 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1793359039
გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, აღნიშნულ თანამდებობას თითქმის ერთი წელია აღარ ვიკავებ და იმ პერიოდში, როდესაც მინისტრის მოადგილე ვიყავი, კომპანიის დირექტორი არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ თემურ გასვიანი სოციალურ ქსელში წერს.
გასვიანი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცნობას ეხმიანება, რომლის თანახმად, გამოვლინდა „24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომლებიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად, პარალელურად, 30 კომპანიაში იკავებენ დირექტორის პოზიციას“, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი თემურ გასვიანია, რომელიც მოხსენიებულია, როგორც აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე.
გასვიანი მკაფიოდ განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და დამახინჯებული ფორმით მისი გავრცელება საზოგადოებაში მის შესახებ მცდარ წარმოდგენას ქმნის. ის ტელევიზიას ინფორმაციის დაზუსტებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის ზომებს მიიღებს.
„მინდა გამოვეხმაურო TV პირველის მიერ ჩემ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. პირდაპირ ვამბობ - გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პოსტში ისეა წარმოდგენილი, თითქოს დღესაც მინისტრის მოადგილე ვარ და, ამავდროულად, კომპანიის დირექტორი. რეალურად, აღნიშნულ თანამდებობას თითქმის ერთი წელია აღარ ვიკავებ და იმ პერიოდში, როდესაც მინისტრის მოადგილე ვიყავი, ამ კომპანიის დირექტორი არ ვყოფილვარ. ეს მარტივად გადასამოწმებელი ფაქტებია. მათი დამახინჯებული ფორმით გავრცელება კი საზოგადოებაში ჩემ შესახებ მცდარ წარმოდგენას ქმნის.
სამწუხაროდ, TV პირველის მხრიდან მსგავსი პრაქტიკა უკვე არაერთხელ გვინახავს - ფაქტების დამახინჯება, კონტექსტიდან ამოგლეჯა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ფაქტად გასაღება. კრიტიკა და განსხვავებული აზრი ჟურნალისტიკის ნაწილია, მაგრამ სიცრუის გავრცელება და ადამიანის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება - არა! მოვითხოვ, რომ დაუყოვნებლივ დაზუსტდეს და გასწორდეს ჩემ შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად სამართლებრივი რეაგირების ყველა კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობას გამოვიყენებ. მედიის თავისუფლება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი“, - წერს გასვიანი.