1692302192
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა.
ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას, სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, „თავდაცვის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის თანახმად, წვევამდელი გაწვევამდე გადის სამედიცინო შემოწმებას. თუმცა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება დამატებით სამედიცინო კვლევის ჩატარება. მისი თქმით, ცვლილებებით ზუსტდება დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების საკითხი.
აგრეთვე, ცვლილებებით დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის თანამდებობის დასახელება შეიცვლება ტერმინით „მეთაური“ და „რექტორის“ ნაცვლად მიეთითება: „მეთაური“.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ დადებითად შეაფასა კოდექსში შესატანი ცვლილებები და აღნიშნა, რომ პირველად ქვეყნის ისტორიაში 50%-ზე მეტი წვევამდელი ნებაყოფლობით გამოცხადდა და სამხედრო სამსახურის გავლა ისურვა, რაც სასიხარულოა.
კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.












