სტუ-ს პროფესორი თალიკო ჟვანია - დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც 2 საათნახევრის განმავლობაში მოისმინა ყველა ის არგუმენტი, რომელიც ჩვენ გვქონდა და მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ყველანი ბედნიერები და კმაყოფილები ვართ

თალიკო ჟვანია

ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც 2 საათ-ნახევრის განმავლობაში მოისმინა ყველა ის არგუმენტი, რომელიც ჩვენ გვქონდა და მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მოისმინეთ და რომლითაც ყველანი ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები ვართ, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  

როგორც თალიკო ჟვანიამ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იდენტობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.  „მიმაჩნია, რომ ყველა ქვეყანას, უნდა ჰქონდეს საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლა. საუბარია იმაზე, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს დატოვებს ჰუმანიტარული სპეციალობები, ისინი გადავლენ მილევად რეჟიმზე, ხოლო ტექნიკური სკოლა გააგრძელებს თავის არსებობას, ისე, როგორც ეს იყო 1992 წლამდე, მანამ, სანამ ჩვენ არ გვქონდა ჰუმანიტარული სკოლები. ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იდენტობის შენარჩუნება, რომ ჩვენი ჰუმანიტარი კოლეგები მზად იყვნენ, ტექნიკური უნივერსიტეტის გადასარჩენად, მათ ამაზე აკადემიურ საბჭოზეც ისაუბრეს“, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ.