1771937202
„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებებით დასტურდება მმართველი გუნდის სწორი ეროვნული პოლიტიკა და საზოგადოება ამ მხრივ მშვიდად უნდა იყოს - ბექა ოდიშარია
თბილისის საკრებულოს სხდომაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ოდიშარიამ ამისთვის საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ძალიან ბევრ განცხადებას ვისმენთ იმის შესახებ, რომ თითქოს მიმდინარეობს არაბიზაცია და ასე შემდეგ. წარმოდგენილი ცვლილებებით დასტურდება ქართული სახელმწიფოს და მმართველი გუნდის სწორი ეროვნული პოლიტიკა. ამ პოლიტიკის მიხედვით, არც არაბიზაცია და არცერთი ნაციონალობის ექსპანსია ჩვენს ხალხს და ქვეყანას არ ემუქრება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ამ მხრივ მშვიდად უნდა იყოს.
შრომითი მიგრაციის კანონის მიხედვით, ბიზნესი ვალდებული ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე განათავსოს შრომის მართვის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში და თუ ამ პერიოდში არ მოიძებნა საქართველოს მოქალაქე, მხოლოდ მაშინ აქვს მას უფლება, რომ დაასაქმოს უცხო ქვეყნის მოქალაქე და ამაზე სპეციალური განაცხადი გააკეთოს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს, ეს გამოიწვევს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებული უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს.
რაც კარგია და მისასალმებელია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ განისაზღვრა კვოტები შემდეგ პროფესიებსა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობებზე:
ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა 0;
ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა 0;
გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა 0;
დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა 200.
აქედან გამომდინარე, პირველი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა აღარ შეეძლებათ. აკრძალვა მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელებს შეეხება“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს მთავრობას მიგრაციის სამსახურის გაძლიერებისთვის.









