შიო მესამე: 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის

შიო მესამე

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში წვევამდელებმა ფიცი დადეს.

პატრიარქის თქმით, 26 მაისი გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, სამხედრო მოსამსახურენო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო სტუმრებო, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის.

1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენით ჩვენმა ერმა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი ურყევი ნება ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი.

დამოუკიდებლობის მოპოვების და განმტკიცების გზაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ იყო ქართველი ერის სულიერი საყრდენი და ეროვნული ერთიანობის საფუძველი“, - აღნიშნა შიო მესამემ.