კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია! - ნუტრიციოლოგი მამუკა რაშოიანი
1763844165
ვფიქრობ, დროა ვამხილოთ კიდევ ერთი დიდი აფერა და ტყუილი, რომელსაც საქართველოში დონორები გვივრცელებენ, რომ თითქოს არსებობს გარკვეული ჯგუფი ონლაინ მედიისა, - განუცხადა ბულგარეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არანაირი ონლაინ მედია არ არის, სინამდვილეში არიან ჩვეულებრივი „ენჯეოები“, რომლებსაც აქვთ ვებგვერდები.
„არანაირი ჟურნალისტიკა მათ საქმიანობაში არ არის. არანაირი მედიასაქმიანობა ეს არ არის. თუ შეხედავთ მათ საინფორმაციო თემატიკას, არის სრულად კონცენტრირებული, მათ შორის ძალადობრივი აქციების რეკლამირებაზე, დაანონსებაზე, შედეგების აღწერაზე. აბსოლუტური პროპაგანდისტული რუპორია ძალადობრივი ჯგუფებისა და ასევე, პროპაგანდისტული რუპორი ქსენოფობიური კამპანიისა და ასევე, რუპორი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საბოტაჟისა. ასე, რომ ეს არ არის არანაირი მედია თავისი არსით. ესენი არიან „ენჯეოები“ ვებგვერდებით, არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი და ეთიკა მათში არ არსებობს.
რაც შეეხება მიზნებს, თუ რატომ არის ეს ქსელი შექმნილი და გამოყენებული, აქაც უნდა ვთქვათ, რომ აშკარაა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საბოტაჟისთვის გამოიყენება. შეგახსენებთ „ნამახვან ჰესის“ ისტორიას, ჩვენ იმ მომენტში ჯერ კიდევ ყველა საკითხზე ვერ ვსაუბრობდით ასე ღიად, თუმცა შემდეგ ჯერ მინიშნებით, შემდეგ პირდაპირ ვთქვით, რომ „ნამახვან ჰესის“ პროექტის ეკონომიკური საბოტაჟისთვის გამოყენებულები იყვნენ „ენჯეოები“ და ეს ე.წ. „ენჯეო“ მედიები. საქართველომ იზარალა არამხოლოდ პირდაპირ ამ პროექტის ჩაშლით, არამედ იზარალა ჩვენმა ეკონომიკამ და მოსახლეობამ იმით, რომ გარე დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟი მოგვიწყვეს.
დღეს შეგვიძლია უკვე ღიად ვთქვათ, რომ მაშინაც, ვინც ეს საბოტაჟი განახორციელა, ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან. იმ მომენტში ამერიკული ფონდებიდან და ევროპული ფონდებიდან. დღეს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა წინა ადმინისტრაციის დანაშაულები ამ მხრივ, რომ ხდებოდა თანხების გამოყენება სხვა ქვეყნების და ხალხების დაზიანებისთვის და ასეთი პროექტებს აღარ აფინანსებენ. იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში და რაც ვიცით ასეა. დღეს მთლიანად ეს საბოტაჟი ფინანსდება ან ევროკავშირის უშუალო ბიუჯეტიდან, ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან. ამიტომ, აქაც დღესაც დამალულია ყველა ამ ორგანიზაციის დაფინანსება და მათ დონორებს მოვუწოდებ, რომ დაასახელონ საკუთარი თავი, ვინ აფინანსებს „პუბლიკას“, „ნეტგაზეთს“, „ონჯი“-ს და სხვა ამგვარ ვებგვერდიან „ენჯეოებს“ და ვინ აფინანსებს ეკონომიკურ საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ. აქაც დავპირდები, რომ რა თქმა უნდა, ჩვენც დავადგენთ ვინ არიან დამფინანსებლები და ყველას, რომელი ელჩიც არ უნდა იყოს ეს, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ეს და რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, ყველას ვამხელთ ვინც ჩვენს ხალხს აზიანებს და ეკონომიკურ საბოტაჟს უწყობს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.