შალვა პაპუაშვილი საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ბაქო), ილხომ  აბდურახმონს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ტაჯიკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეთა ვიზიტების ორგანიზებისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით.

საუბარი, აგრეთვე, შეეხო ეკონომიკისა და ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში პოტენციალის უკეთ გამოყენების მნიშვნელობას.

ტაჯიკეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა კულტურულ კავშირებზე. მან პარლამენტის თავმჯდომარეს აცნობა, რომ ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმა იგეგმება.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა, რათა შესაძლებელი გახდეს ცენტრალური აზიის რეგიონთან ვაჭრობის გაფართოება.