შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ალიანსმა ძალიან კარგი საქმე გააკეთა - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ არსებობს ყოფილი "ნაცი"

შალვა პაპუაშვილი

"კულმინაცია იქნება, რომ ალიანსი დაიშლება, მაგრამ ეს დაშლა არ ჩავთვალოთ ჩვენ, რომ რაიმე იდეოლოგიური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან. ეს არის მუდმივი გადაწყობა იმ ძალების, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ფიქრობენ ტაქტიკაში," - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.

მისი შეფასებით, შემდეგი ტაქტიკური სვლა ალიანსის დაშლა იქნება.

"ვფიქრობ შემდეგი ტაქტიკური სვლა მათი იქნება, რომ ს ტოქსიკური ალიანსი თავისი არსით დაშალონ, უფრო სწორედ გადაანაწილონ სხვადასხვა ჯგუფებში. ეს კინოც ნანახი გვაქვს. მერამდენეჯერ უნდა შეეცადონ, რომ ასეთი ფოკუსები ჩაუტარონ ქართველ ხალხს, რომ თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" არ არის "ნაციონალური მოძრაობა". ალიანსმა თავისი ძალიან კარგი საქმე გააკეთა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ არსებობს ყოფილი ნაცი. ნაცები ვნახეთ, რომ გაერთიანდნენ ისევ ერთად იმიტომ, რომ ეს არის არა პარტიული კუთვნილება და მე, როდესაც ნაცს ვამბობ, არ ვგულისხმობ მაინცდამაინც პარტიულ კუთვნილებას. მე ვგულისხმობ იდეოლოგიას. შეიძლება ვიღაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს ხელისუფლებაში არ იყო ან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიაში არ იყო, მაგრამ თავისი იდეოლოგიით არის ნაცი.

ჩვენ ვნახეთ, რომ ნაცობა, როგორც იდეოლოგია, როგორც ანტიქართული, ანტიდემოკრატიული იდეოლოგია აერთიანებს იმ ხალხს, რომელიც სწორედ ამ ალიანსში არის და ერთიანი სახე დაგვანახა ამ ალიანსმა, ამიტომ კარგი საქმე გააკეთა. მადლობა გვეთქმის მისთვის, ვინც ეს სისულელე გაკეთა და ერთ ჭერქვეშ თავი მოუყარა ყველას იმიტომ, რომ დარწმუნდა საზოგადოება, რომ ეს არის ერთი ძალა, ანტიქართული, ანტიდემოკრატიული ძალა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.