შალვა პაპუაშვილი მომავალ კვირას პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 17-20 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მომავალ კვირას იგი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

ბიუროს დღის წესრიგის თანახმად, დაგეგმილია სხვადასხვა კანონპროექტების, მათ შორის: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების განხილვა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილების განხილვა დაიწყება.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.

პარლამენტის ბიურომ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა.