შალვა პაპუაშვილი: მათხოვრობას ბრიუსელის ევრობიუროკრატიას არ დავუწყებთ. ის, რაც შეწყდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში

 შალვა პაპუაშვილი

მათხოვრობას ბრიუსელის ევრობიუროკრატიას არ დავუწყებთ. ის, რაც შეწყდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის შეფასებისას, რომელიც, როგორც რადიკალები ამბობენ, დაკავშირებულია ირაკლი კობახიძის მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადების წლისთავთან, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.

მისი თქმით, 2024 წლის 26 ივნისს ბრიუსელმა, იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს არჩევნებზე, ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან გაწევრიანების საკითხებზე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს წერილობით აღიარა კიდეც ევროკავშირის საელჩომ.

„ის რაც შეწყდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში, ეს ერთი. მეორე, რაც ითქვა მაშინ და რაც ჩანდა 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მონაკვეთში, ჩანდა, რომ ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ევრობიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდა, რომ ევროკავშირის საკითხი გამოეყენებინა შანტაჟის იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხი და საქართველო ჰყოლოდა მუდმივი შანტაჟის ქვეშ, რომ ახლა მოლაპარაკებას გაგიხსნი ამ საკითხზე შენ თუ მარცხენა ფეხზე დადგები. მერე გაგიხსნი მეორე საკითხს თუ კი მარჯვენა ფეხზე დადგები. ასე დამამცირებელ მდგომარეობაში უნდოდათ დაეყენებინათ ქართველი ხალხი. ამიტომაც ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა სრულ მზაობას, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არა ერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო იქნება 2030 წელს ყველაზე მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის და ეს კვლავაც ასე რჩება. თუმცა ჩვენ მათხოვრობას ბრიუსელის ევრობიუროკრატიას არ დავიწყებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.