შალვა პაპუაშვილი: ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორების მხოლოდ ორი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, თავისთავად აჩვენებს, რომ რაღაც არ ხდება სწორად ევროპარლამენტის მხრიდან

 შალვა პაპუაშვილი

ევრონესტი ეს არის ევროპარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და დიალოგის პლატფორმა. ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორების მხოლოდ ორი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი - თავად მასპინძელი სომხეთი და უკრაინა, ესეც აჩვენებს თავისთავად, რომ რაღაცა არ ხდება სწორად ევროპარლამენტის მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს დელეგაცია ერევანში ევრონესტის სხდომას არ დაესწრება.

„მე მგონი ევრონესტი ახდენს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან და უნდათ, რომ რეგიონული პოლიტიკა მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე აეწყოს.

რაც შეეხება ევრონესტის სხდომაზე მიწვეულ პოლიტიკოსებს, სინამდვილეში, ენჯეოების საფარქვეშ მიწვეული ჰყავთ ნაციონალური მოძრაობის, ლელოს, ევროპული საქართველოს, დროას წევრები. ასე რომ, აბსოლუტურ სიცრუესთან გვაქვს საქმე, როდესაც ენჯეოშნიკების კვოტით ნაცების წარმომადგენლები ჰყავთ მიწვეული და ამით სინამდვილეში ევრონესტის, ევროპარლამენტის მხარე მიუთითებს, თუ ვის თვლიან საქართველოს ხმად. ევრონესტზე როცა ვსაუბრობთ, ამის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან; ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე და მისი მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი ცნობილია, ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ ნაცმოძრაობასთან ჩახუტებული რასა იუკნევიჩიენე ევრონესტზე ენჯეოშნიკების საფარქვეშ ნაცებს იწვევს. ეს რა თქმა უნდა სირცხვილია.

ჩვენ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. იმ მტრულ რიტორიკას, რომელიც ზოგიერთ ევროპარლამენტარს აქვს ქართველი ხალხის არჩევანისადმი, ხელისუფლებისადმი, ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ. გორბაჩოვის თანამებრძოლი ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე რომ ასე იქცევა, ამაში გასაკვირი არაფერია. საბჭოთა სტილის ნაბიჯებს დიდი ხანია ევროპარლამენტში ვაკვირდებით, რაც გავლენაა პოსტკომუნისტური ქვეყნებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხზე მეურვეობა უნდა ჰქონდეთ. ჩანს, რომ ეს მიდრეკილებები ხელის გულზე დევს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.