შალვა პაპუაშვილი ირაკლი შაიშმელაშვილის მოწოდებაზე: ასეთი ღირებულება წაშლილი ადამიანები კარგია, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არიან. ჩვენი საზოგადოების ნაწილი არ უნდა იყოს და სადაც არის იქ იყოს

შალვა პაპუაშვილი

ასეთი ღირებულება წაშლილი ადამიანები კარგია, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არიან. ჩვენი საზოგადოების ნაწილი არ უნდა იყოს და სადაც არის იქ იყოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი შაიშმელაშვილის მოწოდებაზე საუბრისას.

„ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც ეცვა ფორმა, როდესაც მოუწოდებს სხვა ფორმაში მყოფ ადამიანს არ დაემორჩილოს კანონს, ამ ადამიანს გააზრებული არ აქვს რას ნიშნავს გეცვას ფორმა და იყო სამხრეების ქვეშ. თავად ეს აქტი, რომ შენი ქვეყნის იმ გმირებს, რომლებიც ფორმას ატარებენ და სამხრეების ქვეშ არიან, მოუწოდო, რომ არ დაემორჩილონ კანონს, ეს არის ვერ გააზრება რას ნიშნავს სახელმწიფო.

ეს არის ზუსტად ანარქია, როდესაც შაიშმელაშვილების გადასაწყვეტია, რა არის კანონი და რა უკანონობა. ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმ მუნდირის ღირსებასთან, რასაც ადამიანი უნდა იცავდეს ფორმაში ყოფნის დროს და მას შემდეგ, რაც ფორმას ოფიციალურად გაიხდის და სამოქალაქო პირი გახდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა და ემიგრაციაში მყოფმა ვეტერანებმა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს საგანგებო განცხადებით მიმართეს და მოუწოდეს, „წამოვიდნენ და წამოიღონ თავიანთი წილი ღირსება“ და „ემსახურონ საქართველოს“.