ირაკლი კობახიძე: საქართველო არის დემოკრატია, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს, თუმცა შეუძლია, შეიკრიბოს კანონის ფარგლებში, ვინმეს თავში აზრად თუ მოუვა კანონის დარღვევა, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს

ირაკლი კობახიძე

საბოლოო ჯამში, მთელი რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სინამდვილეში, არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის, არამედ არის მხოლოდ ტაქტიკური სხვაობები.

„რა შეეხება არჩევნებთან დამოკიდებულებას, გასაგებია, არის ორი პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს. ბუნებრივია, მათ თავიანთი სუბიექტური ინტერესებიც აქვთ. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ და  მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ მათ სურთ, რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ. აქ სუბიექტური ინტერესები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ჰყავს ერთი პატრონი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ როგორც არ უნდა ჰქონდეთ მათ განსხვავებები, ტაქტიკური, თუ სუბიექტური, საბოლოო ჯამში, მათი პატრონი მაინც ერთად ყრის ხოლმე ამ პარტიებს. ბუნებრივია, ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით მათ არ აქვთ წარმატების არავითარი შანსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველას შეუძლია, შეიკრიბოს, თუმცა კანონის დამრღვევს საკადრისი პასუხი გაეცემა.

„ბუნებრივია, საქართველო არის დემოკრატია, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია, შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. ვინმეს თავში აზრად თუ მოუვა კანონის დარღვევა, რა თქმა უნდა, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.