„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ევროკავშირის ელჩის განცხადებები შემაშფოთებელი არის ბოლო პერიოდში. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - მიუხედავად მრავალგზის მოწოდებისა, ის არცერთხელ არ გაემიჯნა მის მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან მომდინარე სიძულვილის კამპანიას, ძალადობას და პროპაგანდას, რაც შესაბამისად ნიშნავს მისი მხრიდან სიძულვილის, ძალადობის და პროპაგანდის წახალისებას, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩის ბოლო ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზოგი პასაჟი „პირდაპირ ამაზრზენია“.
„ამ ხანგრძლივ ინტერვიუში მოვისმინეთ ერთ-ერთ პასაჟი, რომელიც ევროკავშირის შესაძლო სანქციებს ეხებოდა. მან ისაუბრა, იმაზე თუ როგორ შეხედავენ ოჯახის წევრები მას, ვისაც ევროკავშირი სანქციებს დაუწესებენ. ამაზე ამაზრზენი განცხადება იშვიათად მომისმენია. ეს აჩვენებს ზუსტად იმ ღირებულებით კრიზისს, რომელიც, სამწუხაროდ ბრიუსელში არსებობს და აჩვენებს იმას, თუ რამდენად ამოტრიალებული წარმოდგენა აქვს ბატონ ელჩს ოჯახთან დაკავშირებით - ფიქრობს, რომ შვილი მამას დაუპირისპირდება, მამა შვილს და ა.შ. ეს წარმოუდგენია ბატონ ჰერჩინსკის?
ამას გვასწავლიდნენ რამდენიმე ათეული წლის წინ პავლიკ მოროზოვის მაგალითზე. რეალურად, რაზეც საუბრობდა პაველ ჰერჩინსკი, რომ ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ ადამიანს შესაძლოა მისმა ოჯახის წევრმა ცერად შეხედოს, ზუსტად ეს არის პავლიკ მოროზოვის მორალის დანერგვის მცდელობა ჩვენს საზოგადოებაში. ეს აჩვენებს, თუ რამდენად აცდენილი არის ევროპულ გაგებას ის კომენტარები, რომლებსაც ვისმენთ. ეს არის მისი გაგება ოჯახისა, რომ შვილი მამას, მამა შვილს თუ მეუღლე მეუღლეს იმის მიხედვით აფასებს, ბრიუსელში რა გადაწყვეტილება მიიღეს? ასე წარმოუდგენია მას თავისი ან რომელიმე სხვა ოჯახი? ეს აჩვენებს, თუ როგორ არ იცნობს ის საქართველოს. ღმერთმა შეარგოს ის ხაჭაპური, რომელიც მისი განცხადებით, მას უფასოდ მისცეს, მაგრამ საქართველო ცოტათი მეტია, ვიდრე ხაჭაპური და ხინკალი. ეს უნდა გაარკვიოს ყველამ. როდესაც ქართულ ოჯახებზე ასეთ წარმოდგენას ამკვიდრებს და საქართველოში პავლიკ მოროზოვების გამოზრდაზე ფიქრობს, ამაზრზენია ამგვარი განცხადების მოსმენა და აჩვენებს, რომ სინამდვილეში მას წამოსცდა - სანქციები რაღაც სამართლებრივი ინსტრუმენტი კი არა, თურმე სტიგმატიზების ინსტრუმენტი ყოფილა, რომ ადამიანს მიაკრა იარლიყი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსი სტიგმატიზაცია და იარლიყების მიკრობა უკვე ნანახი აქვს.