საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ამ დრომდე არ გადაუცია, თუმცა რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაბარდა - საგარეო უწყება​

საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანია საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელს არ იბარებს. "ქართულ ოცნებაში" ოფიციალური ბერლინის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ იაფფასიან პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბრობენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს ფაქტი, ქვეყანას ელჩისთვის აგრიმანი მიეცა, შემდეგ კი აკრედიტაცია - არა.

რვა თვეა ალექსანდრე კარტოზია პროცედურის დასრულების მოლოდინშია. თემაზე გერმანიის საგარეო უწყება განმარტებებს არ აკეთებს, ასევე უკვე რამდენიმე თვეა საიტზე არ ცვლის მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილია მითითებული.​

თემაზე განმარტება გააკეთა "კურიერთან" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

"საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბატონი ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან 2025 წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია, თუმცა რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაბარდა," - განუცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში "კურიერს".

მათივე ცნობით, ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, კომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლადდანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები.

ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია. გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ, მიუხედავად ქართული მხარის მიერ არაერთგზის განხორციელებული ოფიციალური შეტყობინებისა. ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან," - აცხადებენ საგარეო უწყებაში.