საქართველოს პრეზიდენტი ახალი პაპის ინაუგურაციას დაესწრება - მიხეილ ყაველაშვილი რომში იმყოფება

ყაველაშვილი რომში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში იმყოფება. პრეზიდენტის თვითმფრინავი "ჩამპინოს" სამხედრო აეროპორტში დაეშვა, სადაც მისი დახვედრის ცერემონია გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილი 18 მაისს, მეუღლესთან ერთად, ვატიკანში, რომის ახალი პაპის ინაუგურაციას დაესწრება.

"დღეს, დელეგაციასთან ერთად, რომს ვეწვიე. 18 მაისს, ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახლად არჩეული პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დავესწრები", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

 

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში ასევე იმყოფებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.