საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე შენობები სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის და მათ კომერციული დანიშნულება არ ექნება - სულხან თამაზაშვილი

სულხან თამაზაშვილი

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე გამართულ აქციებზეც ისაუბრა, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში შეკრებილია ხალხი და ითხოვს ბინების გადაცემას. სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობები სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის და მათ კომერციული დანიშნულება არ ექნება.

„მინდა შევეხო ბოლო დროინდელ აქტუალურ თემას, ქალაქ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე შენობებთან,  რამდენიმე დღეა შეკრებილი არიან მოქალაქეები და ითხოვენ ბინების გადაცემას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობები სრულად იქნება გათვალისწინებული სოციალური მიზნებისთვის და მათ კომერციული დანიშნულება არ ექნება.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში 2000-მდე ეკომიგრანტია, რომლებსაც სჭირდებათ საცხოვრებელი სახლი. ამ ადამიანების ნაწილს ჩვენ უზრუნველვყოფთ ქირით და ამისთვის ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ 6 მილიონი ლარი იხარჯება. ბატონი პრემიერის ინიციატივა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს თანხა სხვა, ასევე, მნიშვნელოვან მიმართულებებში გამოვიყენოთ -  იქნება ეს სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამები.

ასევე, მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული შენობები არ არის საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი და რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ საცხოვრებელ ბინებად კეთილმოწყობას. ასევე, შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ განცხადებას დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად,“ - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მოუწოდა, არ აყვნენ ბოლო დღეებში გავრცელებულ სპეკულაციებს, რადგან სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას თვითნებურად დაიკავონ აღნიშნული ობიექტი.

„მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ არ აყვნენ გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ თემის ირგვლივ რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება. სახელმწიფო არ მისცემს არავის უფლებას, რომ თვითნებურად დაიკავონ აღნიშნული ობიექტი. პირად კონტროლზე მაქვს აღნიშნული საკითხი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, დაწყებულია მუშაობა და აღნიშნული შენობები აუცილებლად სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.