საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა იმედი, რომ სერბეთის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენციაზე და აღინიშნა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომლის გაფორმებაზე მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

✕