საქართველოს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს - გია ვოლსკი

ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, საქართველოსთან დაკავშირებით მარკო რუბიოს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ვოლსკის განმარტებით, საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის ინტერესების მოკავშირე საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სამხრეთ კავკასიაშიც.

„2012 წლიდან მოყოლებული, არც ერთი ნაბიჯი საქართველოს არ გადაუდგამს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მყარ პოზიციაზე, როდესაც საქმე ეხებოდა საერთო ინტერესს, გეგმას და იმ პერიოდშიც კი, როდესაც აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება უპირისპირდებოდა საქართველოს, იმ პერიოდშიც კი ჩვენ ვიყავით საკმაოდ მყარ პოზიციაზე, რომელიც არასოდეს არ შეგვიცვლია. არასოდეს, არც ერთი ქვეყნისათვის, არც ოკუპანტი რუსეთისათვის, არც ჩინეთისათვის, მით უმეტეს, არც ირანისათვის არ მიგვიცია საშუალება, რომ ჩარეულიყვნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ ვაპირებთ იგივე პოზიციაზე დგომას და კიდევ ერთხელ იმის გამეორებას, რომ საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის ინტერესების მოკავშირე საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სამხრეთ კავკასიაშიც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოზე პირველი განცხადება გააკეთა და ახალი ადმინისტრაციის პოზიციაზე ისაუბრა. ტრამპის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, საქართველოს ხელისუფლებას ანტიამერიკული მთავრობა უწოდა.

კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, მარკო რუბიომ ამერიკის მიზნებსა და ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრა და კითხვაზე პასუხად თავად დასვა კითხვა: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.“ სახელმწიფო მდივანი არ აკონკრეტებს რას გეგმავს ვაშინგტონი, თუმცა ადასტურებს, რომ საკითხი აქტიურად განიხილება.