ცნობილია, თბილისი-კახეთის ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა
1769764473
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, კორეულ კომპანიებს რუსეთისა და უკრაინის ბაზრებთან პირდაპირი ურთიერთობის შეეზღუდათ, რეგიონში ბიზნეს პირობები სულ უფრო რთული და რისკისადმი მგრძნობიარე გახდა. ამ ფონზე, საქართველოს შეუძლია კონსტრუქციული და სტაბილიზაციის როლი შეასრულოს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ კორეის ერთ-ერთ მედიასთან The Korea Herald-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"ადრე თუ გვიან, ყველა ომი დასრულდება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაში ომი უფრო ადრე დასრულდება", - განუცხადა მან The Korea Herald-ს.
"როდესაც ეს მოხდება, შესაძლებლობები ხელახლა გაიხსნება. საქართველო-სამხრეთ კორეის პარტნიორობა კორეულ კომპანიებს დაეხმარება თანდათანობით დაიბრუნონ წვდომა ამ ბაზრებზე, საქართველო კი საწყის წერტილად იქცევა", - დასძინა მან. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს ბაზარზე ყოფნა კორეულ კომპანიებს რეგიონში ვითარების ნორმალიზებისთანავე კონკურენტულ უპირატესობას მისცემს.
"თუ კორეულ კომპანიებს უკვე ექნებათ მყარი საფუძველი საქართველოში, მათთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება უკრაინაში, რუსეთსა და მეზობელ ბაზრებზე დაბრუნება", - აღნიშნა მან ინტერვიუში და ხაზი გაუსვა საქართველოს ძლიერ საინვესტიციო კლიმატს, ბიზნესის კეთების სიმარტივეს და დაბალ საგადასახადო ტვირთს.
ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ კორეის პრაგმატულ დიპლომატიურ მიდგომებს მზარდი გლობალური გაურკვევლობის ფონზე და საქართველოს თანხვედრას ამ სტრატეგიასთან, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საერთო ღირებულებებს.
"საქართველო და კორეის რესპუბლიკა მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნები არიან, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო სამართალს, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და პრაგმატულ დიპლომატიას. ეს საერთო ხედვა თანამშრომლობისთვის მტკიცე საფუძველს ქმნის", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
"პრაგმატიზმი გვაერთიანებს და უფრო აქტიურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ახალ გზებს განაპირობებს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
"კორეის სრულფასოვანი საელჩოს გახსნა თბილისში, ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან ერთად, კორეის ერთგულებას აჩვენებს. ჩვენ ასევე მივესალმებით KOICA-ს (კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო) ოფისის გახსნას თბილისში" - დასძინა მან.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმითვე, საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც პირდაპირი რეისების განხორციელებას უზრუნველყოფს, კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.
"ეს მოვლენები ქმნის მეტ შესაძლებლობას სხვადასხვა სახის ბიზნესებისა და ადამიანებისთვის, რომ ისარგებლონ უფრო მჭიდრო ურთიერთობებით", - თქვა მან.
სამხარაძის განცხადებით, წარსული გამოწვევების მიუხედავად, მზარდი ურთიერთობები და საერთო ღირებულებები გააღრმავებს საქართველო-კორეის თანამშრომლობასა და ურთიერთმხარდაჭერას უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში.
"საქართველომ მხარი დაუჭირა კორეის პოლიტიკას კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის შესახებ და არაერთხელ დაუჭირა მხარი კორეას გაეროში", - დასძინა მან. სამხარაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში და აღნიშნა, რომ ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საკვანძო დამაკავშირებელი რგოლია.
"ჩვენი მიზანია, ეს დერეფანი არა მხოლოდ ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი, არამედ ყველაზე მოსახერხებელი გზაც გავხადოთ. საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია და კორეული კომპანიების ინტერესებში შედის, გამოიყენონ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ევროპაში ექსპორტისთვის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ ინტერვიუში და დასძინა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, თურქეთთან და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, მას ინვესტიციების, წარმოებისა და რეგიონული ექსპორტის იდეალურ კარიბჭედ აქცევს.
მისივე თქმით, სამხრეთ კორეა საქართველოსთვის პრიორიტეტული პარტნიორია და იმედი გამოთქვა, რომ მზარდი კორეული ტურიზმი ( გასულ წელს 31 000-ზე მეტი ვიზიტორი) საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება პირდაპირი რეისებით.