სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი - თამთა ქიმბარიშვილი

თამთა ქიმბარიშვილი

დღეიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალმა სამმართველომ დაიწყო მუშაობა. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილი უწყების მთავარი ფუნქცია იმ საჯარო განცხადებების მონიტორინგი და გამოვლენა იქნება, რომლებიც ადამიანის ღირსებას ლახავს და კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს.

ახალი სამმართველო თავად მოახდენს სამართალდამრღვევთა იდენტიფიცირებას, მოამზადებს მასალებს და საქმეებს განსახილველად სასამართლოს გადასცემს. უწყება მუშაობას უკვე არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში განახორციელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა. სამმართველოს ფუნქციაა, სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.

აღნიშნული სამმართველო გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევას, გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, აღნიშნული მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.

საწყის ეტაპზე, სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას განახორციელებენ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციების საფუძველზე," - აცხადებს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი, თამთა ქიმბარიშვილი.