ბათუმში ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება

ბათუმი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობით, ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას.

ახალი კლინიკა სრულად დაფარავს აჭარისა და მიმდებარე რეგიონების საჭიროებებს. სამედიცინო ცენტრის პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. გარდა ამისა, შენობის პირველ სართულზე მოეწყობა თანამედროვე ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 პაციენტის ერთდროულად მიღებას შეძლებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უწყების უმთავრეს პრიორიტეტს რეგიონებში მაღალი ხარისხის  უწყვეტი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა წარმოადგენს, ამ მიზნით კი  ქვეყნის მასშტაბით  არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.