1794561202
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა
საკონსტიტუციო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
პლენუმმა გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განმარტა, შუამდგომლობა უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა იმსჯელა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობაზე, მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე. აღნიშნულ შუამდგომლობას პლენუმი არ აკმაყოფილებს, უსაფუძვლობის გამო. ძირითადი პრეტენზია მიემართებოდა ქალბატონ ევას, რომ მისი დასმული კითხვების ფორმულირება არის იმ ფორმის, რომ უკვე მას წინასწარ აქვს განწყობა და აზრი შექმნილი საქმესთან დაკავშირებით. რაც მოვისმინეთ, იყო შეკითხვა, – პარტია არ იზიარებს პასუხისმგებლობას? ეს არის მოსამართლე შეკითხვა, რომ მოისმინოს მხარის პოზიცია, იზიარებს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას და მხარის უფლება არის, გასცეს პასუხი, რა პასუხიც მას მიზანშეწონილად მიაჩნია. სასამართლო იღებს იმ პასუხს, რა ფორმითაც მას მოპასუხე გადმოსცემს. რაიმე წინასწარ გამოთქმული მოსაზრება, აზრის დაფიქსირება ამ შეკითხვაში და მის ფორმულირებაში არ გამოიხატება. სასამართლო, პლენუმის სხვა წევრებიც ისმენდნენ გუშინ ქალბატონი ევას მიერ დასმულ შეკითხვებს, ის, რაც მხარემ გააჟღერა დღეს და მაშინ ვერ შენიშნა რაიმე ნიშანი, რომ მოსამართლე ევა გოცირიძეს აქვს წინასწარ აქვს ჩამოყალიბებული აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით. პირიქით, პლენუმის წევრებს ერთხმად უჩნდებათ განცდა, რომ არის სურვილი, მოსამართლემ არ დასვას კრიტიკული შეკითხვა, შეკითხვა, რომელიც საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო და სასამართლო არის ვალდებული, დასვას ყველა წაყენებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით შეკითხვები და გაიგოს ამასთან დაკავშირებით მხარის მოსაზრება. შეკითხვა თავისი შინაარსით გამოიყურება მწვავედ, სასამართლოს სვამს მწვავე შეკითხვას, ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლოს რაიმე მოსაზრება აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე მხარისადმი, პირიქით, რაც მეტი ინფორმაციას მიიღებს სასამართლო მხარისგან, საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად არის უკეთესი და უმჯობესი. ვერავინ მოახერხებს, აცილების შუამდგომლობით მოსამართლეების შეეზღუდოთ ობიექტური შეკითხვის დასმა, ეს შეუძლებელია, ეს განცდა დარჩა სასამართლოს, პლენუმის ყველა წევრი პოზიცია იყო ეს“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლზე დაყრდნობით დააყენა. მისი განცხადებით, სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ გამოთქმული შეფასებები და მოპასუხის პასუხზე მისი რეაქცია ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს უკვე ჩამოყალიბებული აქვს უარყოფითი დამოკიდებულება განსახილველ საკითხზე. შუამდგომლობას სხვა მოპასუხე პარტიებიც შეუერთდნენ. წინააღმდეგი იყო მოსარჩელე პარტია.












