სახელმწიფოს სიმტკიცე იწყება კანონის პატივისცემით. იქ, სადაც ძლიერია სამართალი, ძლიერია სახელმწიფოც. თქვენი საქმიანობა სწორედ ამ პრინციპს ემსახურება - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თანამედროვე სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება - თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს.

„იქ, სადაც პოლიცია ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, მოქალაქე მშვიდად ცხოვრობს, საზოგადოება თავისუფლად ვითარდება და სახელმწიფო მტკიცედ დგას საკუთარ ფუნდამენტზე.

თანამედროვე სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება - თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერც ერთი ვერ იარსებებს ძლიერი, პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე.

სახელმწიფოს სიმტკიცე იწყება კანონის პატივისცემით. იქ, სადაც ძლიერია სამართალი, ძლიერია სახელმწიფოც. თქვენი საქმიანობა სწორედ ამ პრინციპს ემსახურება. თქვენ იცავთ არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ არაერთი გამოწვევა გაიარა. რეგიონში არსებული მძიმე უსაფრთხოების გარემო, საერთაშორისო არასტაბილურობა, ჰიბრიდული საფრთხეები, დეზინფორმაცია, რადიკალიზმი - ეს ყველაფერი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს სამართალდამცავ სისტემას. ასეთ ვითარებაში პოლიციის პროფესიონალიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.