სახალხო დამცველი იქნება პროცესში ჩართული. მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი - ომბუდსმენი პრეზიდენტის სარჩელის შესახებ, რომელიც "გამჭვირვალობის" კანონს ეხება

ლევან იოსელიანი

პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენების შესახებ" კანონის 78-ე მუხლთან შეუსაბამობას ასაჩივრებს. აღნიშნული მუხლი ქვეყნის ევროინტეგრაციას ეხება.

პროცესში მონაწილეობას მიიღებს სახალხო დამცველის აპარატი, თუმცა როგორი სახით იქნებიან წარმოდგენილი - სასამართლო მეგობრის თუ სხვა ფორმით, ჯერჯერობით, უცნობია.

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ კანონი, ამ ფორმით არ უნდა ყოფილიყო მიღებული.

"სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული. ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას, ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით, რომელსაც წარვადგენთ სასამართლოში, თუ სხვა ფორმით.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ამაზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია, ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.