საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა.

"საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" 2012 წლის 28 სექტემბერს ქ. ნიუ-იორკში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" ოქმი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, შეთანხმებას 2012 წლის 28 სექტემბერს მოეწერა ხელი და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის საქონლისა და მომსახურების გაცვლას, ასევე კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილებას საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეშვეობით. ოქმი ითვალისწინებს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების აღკვეთის შესახებ დებულებებს.

ოქმის თანახმად, ცვლილებები შედის შეთანხმების 25-ე მუხლში, რომლის მიზანია შეთანხმება შესაბამისობაში მოვიდეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის საგადასახადო სამოდელო კონვენციის ახალ რედაქციასთან.

სხდომაზე, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ წარადგინა.

„ადგილობრივ დონეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის (CLEAR) წყალზე“ პროგრამის მთავარი მიზანია უსაფრთხო და მდგრადი წყალმომარაგების სისტემის შექმნა საქართველოს სოფლებში.

მომხსენებლის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში, ბანკის მიერ გამოყოფილია 200 მლნ ევროს ოდენობით, რომლის ხანგრძლივობა 26 წელია, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდია 11,5 წელი. პროგრამით გათვალისწინებულია კლიმატისა და მდგრადი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

"პროექტის მიზანია 100-ზე მეტ ლოკაციაზე 150 000-ზე მეტი ბენეფიციარის წყალმომარაგების სისტემებით უზრუნველყოფა", - აღნიშნა მომხსენებელმა.

პროგრამა 2030 წლის 31 დეკემბრისთვის დასრულდება. პროგრამის აღმასრულებელი უწყება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება, ხოლო განმახორციელებელი უწყება - შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია".

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში სწავლებისა და თანამშრომლობის შესახებ" ოქმი განიხილეს.

როგორც მომხსენებელმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განმარტა, მხარეებმა დოკუმენტს ხელი ანკარაში მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს მოაწერეს. დოკუმენტი მოიცავს ქართულ და თურქულ მხარეებს შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

როგორც გრიგოლ გიორგაძემ განმარტა, ოქმი არეგულირებს მხარეთა შორის თანამშრომლობას სამხედრო სამედიცინო სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის კუთხით და ასევე, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას.