გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები განიხილეს.
მომხსენებლის, გიორგი შარაშიძის განმარტებით, ცვლილებების მიზანს ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესება წარმოადგენს და კანონპროექტების თანახმად, მისი ოდენობა 1050 ლარია. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები 340 ათასამდე ადამიანს შეეხება, საიდანაც 100 ათასი საჯარო სამსახურში, ხოლო 240 ათასი კერძო სექტორში დასაქმებული პირია. რაც შეეხება კანონპროექტიდან გამომდინარე საბიუჯეტო ხარჯებს, გიორგი შარაშიძის განმარტებით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სახელფასო ანაზღაურების ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 76 მილიონი ლარის გამოყოფას მოითხოვს.
საკითხის განხილვის პროცესში კომიტეტის წევრებმა იმ რისკებსა და საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც შესაძლოა, მინიმალური ხელფასის დაწესებამ გამოიწვიოს. მათი შეფასებით, კერძო სექტორში დასაქმებულების ხელფასების მატებამ შესაძლოა, მათი სამუშაო გარემოს ცვლილება და სამუშაო ადგილების ნაწილის დაკარგვა გამოიწვიოს, რადგან დამსაქმებელი იძულებული იქნება, გაზრდილი ანაზღაურების ტვირთი თანამშრომელთა შემცირების ხარჯზე გაანაწილოს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს მოიცავს, მთავრობის თანხმობას საჭიროებს. წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ უარყოფითი დასკვნა გასცა.
კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის წევრებმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი არ დაუჭირეს.
სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით წარადგინა. მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა და ამ მიზნით არაერთი პროგრამა და პროექტი ხორციელდება. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება „ფაქტორინგის შესახებ“ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დამატებით ინსტრუმენტს უზრუნველყოფს.
„ფაქტორინგის მეშვეობით მომსახურებისა და პროდუქციის მიმწოდებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გარკვეული ფასდათმობის გათვალისწინებით, საკუთარი დებიტორული დავალიანებები სხვაზე გაყიდონ. კანონი ფაქტორინგის რამდენიმე ფორმას ითვალისწინებს და იგი სრულად პასუხობს საერთაშორისო პრაქტიკას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კომიტეტის წევრებმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.