„საჭიროა მკაცრი ნარკოპოლიტიკა და სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, ცოტა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ადამიანების მკურნალობას“ - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

"არსებობს მსოფლიოში რაღაც საკითხები, რაზეც ზოგადად მსოფლიოს საზოგადოების უმრავლესობა თანხმდება, ერთ-ერთი ასეთი არის ნარკოპოლიტიკა და ნარკოდამოკიდებულება", - ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფის "ხალხის ძალას" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი გადაცემა "დებატებში" აცხადებს.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს როგორც რეალიზატორების, ისე მომხმარებლების მიმართ, თუმცა სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობას. მისი თქმით, მიუხედავად ლოიალური მიდგომისა, მათ შორის სასამართლოს მხრიდან, აუცილებელია მკაფიო და პრინციპული პოლიტიკა, რადგან ნარკოდამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი მოვლენაა და ნებისმიერი საზოგადოება ამ საკითხზე თანხმდება.

"არსებობს მსოფლიოში რაღაც საკითხები, რაზეც ზოგადად მსოფლიოს საზოგადოების უმრავლესობა თანხმდება. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი არის ნარკოპოლიტიკა და ნარკოდამოკიდებულება, სადაც არ მახსენდება არც სახელმწიფო, არც საზოგადოება, რომელიც ამბობს, რომ კარგია ეს ან ცუდი არ არის, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში. შესაბამისად, ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ეს არის ცუდი ცალსახად, და ჩვენ ვერ შევადარებთ, ვერც ადამიანი რომ შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული იმიტომ, რომ ის თავისი ნებით არ მისულა იქამდე. იმიტომ, რომ ბატონმა თამაზმა [ტუღუში] თქვა, რომ თავად გამოიარა ეს პროცესი, მას უფრო კარგად ეცოდინება, ვერცერთი ადამიანი მას ვერ ეტყვის, რომ დაიწყო ნარკოდამოკიდებულება იმიტომ, რომ მას მოუნდა ეს ბიოლოგიურად, ასეთი რამ არ არსებობს და მედიცინის მუშაკებიც დაადასტურებენ ამას.

ჩვენი პოზიცია არის ის, რომ პირველ რიგში უნდა იყოს მკაცრი ნარკოპოლიტიკა ერთის მხრივ რეალიზატორების მიმართ, ვინც რეალიზაციას აწარმოებს და მეორეს მხრივ - მომხმარებელთა მიმართ. რა თქმა უნდა, ის ლოიალური დამოკიდებულება, რაც აქ ითქვა, მათ შორის სასამართლოს მხრიდან, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი პოზიცია არის, რომ სახელმწიფომ ამ შემთხვევაში ცოტა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მკურნალობას ამ ადამიანებისას“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.