1758053825
როდიდან გახდა დანაშაული ბრიუსელში ვიზიტები, ვთანამშრომლობთ მათთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი თითოეული ნაბიჯი ჩვენთან შეთანხმებული იყოს - გიორგი შარაშიძე "ლელოს" ლიდერების ვიზიტზე

"ლელოს" ლიდერების ბრიუსელში გამგზავრებასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას გუნდში შეფასებები კეთდება. გიორგი შარაშიძის თქმით, აღნიშნულ ვიზიტზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა დარწმუნებულია, რომ "ლელო" ვიზიტის ფარგლებში, ევროპელ პარტნიორებთან პოლიტიკურად იმუშავებს.
"ხაზარაძე საკუთარი გუნდით ბრიუსელში თუ მიფრინავს, მე ამაში განსაკუთრებულს და, მით უფრო, საეჭვოს ვერ ვხედავ. კიდევ ვიმეორებ, როდიდან გახდა დანაშაული ბრიუსელში ვიზიტები? რა უნდა იგეგმებოდეს, დიდი ბოდიში? - ვთანამშრომლობთ მათთან, მაგრამ ეს თანამშრომლობა იმას არ ნიშნავს, რომ მათი თითოეული ნაბიჯი ჩვენთან შეთანხმებული იყოს. ის დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიაა და რასაც გადაწყვეტს, იმას გადაწყვეტს. საერთოდ არ ვიცი ეს ვიზიტი, არანაირი დეტალის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ "ლელო" ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკურად იმუშაოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი", - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ.
Prime Time-ის ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერები ბრიუსელში გაემგზავრნენ. სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტის მიზანი ახალი დავალებების მიღებაა, რადგან პარტიაში მძიმე მდგომარეობაა. სტატიაში წერია, რომ "ლელომ" გახარიასთან ერთად, შეასრულა კონკრეტული მოთხოვნა ბრიუსელიდან, ჩაერთო საარჩევნო პროცესში, თუმცა ვერ შეძლო საარჩევნო გარემოსთან ადაპტაცია და ოლქების დიდ ნაწილში კანდიდატები ვერ დაასახელა. ხაზარაძეს, ასევე, პრობლემები აქვს უშუალოდ პარტიის ლიდერშიფში. საბა ბუაძემ პარტია დატოვა, კუპრაძე-ელისაშვილის დაწინაურებას კი პარტიის სხვა ლიდერები ეწინააღმდეგებიან.