მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა საპარლამენტო კომიტეტებში გრძელდება. საკითხს დღეს უკვე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ერთ-ერთი ცვლილება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება. ახალი რედაქციის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. ემიგრანტებისთვის ხმის წართმევად აფასებენ სიახლეს ოპოზიციაში.
"ემიგრანტები ამ ქვეყნის ის სეგმენტია, რომელზეც დგას ამ ქვეყნის ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი, პრინციპში, რომლითაც ამაყობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს ამ ქვეყანაში სრულყოფილად ცხოვრების საშუალება არ მიეცათ და მათ მოუწიათ მძიმე სოციალური პირობების გამო ქვეყნის დატოვება იმიტომ, რომ აქ დარჩენილი შვილები არჩინონ, ამასთან ერთად მათ ერთმევათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რამე, ეს არის ხმის უფლება", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ვიკა ფილფანი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის 13% ემიგრანტებზე დგას და მათთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა არის ამორალური.
"გამონაკლისი შემთხვევები არსებობს და მაინც და მაინც გამონაკლის შემთხვევებზე რატომ აკეთებენ პარალელს ვერ ვხვდები იმიტომ, რომ ძირითადად პრაქტიკა სხვანაირია და ემიგრანტებს ეძლევათ ხოლმე არჩევნებში მონაწილეობის უფლება. გარდა ამისა, საქართველოში ვსაუბრობთ ემიგრანტებზე, რომლებიც შეადგენენ 13%-ს საქართველოში, ეკონომიკის ზოგადად, ყოველ წლიურად 13% მოდის ემიგრანტებზე, მათ მიერ გაკეთებულ გადარიცხვებზე. ამიტომაც, როდესაც 13% აქვს ემიგრანტებს ეკონომიკაში და პოლიტიკაში მონაწილეობის უფლებას აღარ ვაძლევთ, ეს არის ამორალური", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.