რატი იონათამიშვილი: ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე ოპოზიციის თავდასხმამ აჩვენა, რომ პოლიტიკური ველი თუ არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა დარჩება მუდმივ ტურბულენციაში

რატი იონათამიშვილი

გუშინდელმა დღემ და ჩვენს ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს პოლიტიკური ველი თუ არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოდან საწვავის შეტანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

იონათამიშვილის თქმით, „ბიზნესის მიერ აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავის შეტანა მოხდა საქართველოს სუვერენიტეტისა და კანონმდებლობის სრული დაცვით“.

„მოდით, მარტივად გავაანალიზოთ აგენტურის გუშინდელი ისტერია. დღის განმავლობაში ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმა აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის და კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს იყო 3 ათასი ტონა, ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა. და რა ხდება ამის შემდეგ? უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს.

რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად? ცხადია, სასაცილოა, მაგრამ როდესაც ხარ აგენტი, ასეთი აბსურდის მტკიცებას რომ დაგავალებენ, უსიტყვოდ უნდა შეასრულო.

მეორე მხრივ, რადგან ამ ხალხს მუდმივ დავალებად აქვთ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი, ცხადია, ვერაფრით შეეგუებიან ხელისუფლების ვერცერთ ისეთ ჰუმანურ ნაბიჯს, რაც ხელს უწყობს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესს. უფრო მეტიც, პატრონების დავალების შესაბამისად, აგენტურა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პრობლემური ურთიერთობები არათუ მოგვარდეს, არამედ კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს პროცესები, რათა საქართველო მუდმივად ესკალაციისა და რთული გამოწვევების საფრთხის წინაშე იყოს…

დაბოლოს, კიდევ ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვანძი – ოპოზიციის ეს ისტერია არის გაგრძელება იმ მოღალატეობრივი განცხადების, რაც გია ბარამიძემ გააკეთა. საბოლოო ჯამში კი, ორივე პროვოკაცია ერთადერთ მიზანს ემსახურება – მათ დავალებული აქვთ, რომ თუნდაც ყველაზე ბინძური და ანტიქართული ნაბიჯებით ხელი შეუშალონ ქართულ/აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს!“ – წერს რატი იონათამიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოდან საწვავის შეტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „აფხაზეთში საწვავი ჩვენ არ შეგვიტანია, შეიტანა ბიზნესმა. თუ შეგვიძლია, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ „ოკუპაციის შესახებ კანონის“ ჩარჩოებში“.