პრემიერის ანგარიში - გასულ წელს გრძელდებოდა ძალისხმევა რეგიონული დაკავშირებადობის ჭრილში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის როლის კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით

ირაკლი კობახიძე

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ გასულ წელს გრძელდებოდა ძალისხმევა რეგიონული დაკავშირებადობის ჭრილში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის როლის კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა, ევროკავშირის დაკავშირებადობის დღის წესრიგის წინსვლის თვალსაზრისით, ხაზგასმულია მის სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის ფარგლებში.

„ამ თვალსაზრისით, კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩებოდა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების (TEN-T) ფარგლებში სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება. ასევე, გრძელდება მუშაობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის მიზნით, მათ შორისაა საქართველოს მიერ ინიციირებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების პროექტები. ამ მხრივ, 2025 წლის დეკემბერში ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს „ორმხრივ ინტერესის პროექტის“ სტატუსი (PMI) მიანიჭა, რაც 2026 წლის 14 აპრილს ევროპულმა საბჭო და ევროპარლამენტმა დაამტკიცა. PMI სტატუსის მინიჭების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშ კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც გულისხმობს, რომ შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად, პროექტ გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს და აქტიური სამართლებრივი, ფინანსური ადმინისტრაციული მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან“, – ნათქვამია ანგარიში.

საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ წლიური ანგარიში წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა. მთავრობის ხელმძღვანელი პარლამენტს ანგარიშს თავად ივნისის ბოლომდე წარუდგენს, თარიღი კი დაკონკრეტდება.