„ვის რას ერჩოდნენ...“ - მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილია
1794428716
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავიბრუნოთ არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ მშვიდობიანი გზა შეიძლება იყოს მისაღები.
„საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული. რა თქმა უნდა, ამ პრობლემის მოგვარება მარტივი არ არის. თუმცა შემიძლია განგიმარტოთ, როგორია საქართველოს მიდგომა ამ საკითხისადმი. ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. გასული წლების განმავლობაში რამდენჯერმე იყო მცდელობა, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის წინააღმდეგ ომში ჩაერთოთ, თუმცა ჩვენთვის ეს სრულიად მიუღებელია. ეს მხოლოდ პრაგმატიზმის საკითხი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავიბრუნოთ არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ. თუ მათ წინააღმდეგ კიდევ ერთ ომს დავიწყებთ, ეს ჩვენს მიზანს სრულიად ეწინააღმდეგება.
ჩვენ უკვე გამოვიარეთ ომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - 1990-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს, მათ შორის რუსეთის მიერ პროვოცირებული სამხედრო დაპირისპირებები. ბუნებრივია, ამ ომებმა მძიმე გავლენა მოახდინა ხალხებს შორის ურთიერთობებზე - ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობებზე. სწორედ ამიტომ არ გვსურს, მათთან ომი ოდესმე განმეორდეს. ჩვენი მიზანია, დავიბრუნოთ არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ იქ მცხოვრები ადამიანებიც. სწორედ ამიტომ ჩვენი ხედვა მშვიდობიანია. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენთვის მხოლოდ მშვიდობიანი გზა შეიძლება იყოს მისაღები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.