პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლამდე მოუწოდებს გადაამოწმონ, ხომ არ მიუღიათ მიტინგებში მონაწილეობა, ვინაიდან ამის გამო ისინი, შესაძლოა, ქვეყანაში არ შეუშვან

პოლონეთის საელჩო

საქართველოში პოლონეთს საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს გადაამოწმონ, ხომ არ მიუღიათ მიტინგებში მონაწილეობა, რადგან ეს ფაქტორი, შესაძლოა, ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვის საფუძველი გახდეს.

„უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლაზე გახშირებული უარის გამო, ამ ქვეყანაში მოგზაურობამდე გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმას, არსებობს თუ არა თქვენს შემთხვევაში ისეთი ფაქტორები, რამაც, შესაძლოა, შესვლაზე უარი განაპირობოს. კერძოდ, ხომ არ მიგიღიათ მონაწილეობა დემონსტრაციებში, ხომ არ ყოფილხართ მათ ეპიცენტრში და ხომ არ ეწეოდით გარკვეულ აქტივობას სოციალურ ქსელებში. შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება უცხოელის შემოსვლისას შეაფასოს რისკის ფაქტორები, ხოლო შემოსვლაზე უარი შეიძლება გავრცელდეს იმ პირებზეც, ვისაც საქართველოში ბინადრობის მოწმობა აქვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლონეთის საელჩო აგრეთვე შეახსენებს საკუთარ მოქალაქეებს, რომ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობის გამო მათ, შესაძლოა, დაეკისროთ მაღალი ჯარიმები. ჯარიმის გადახდა, შესაძლოა, აიძულონ საქართველოში მეორედ შემოსვლის დროს.