პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი განხილული არ ყოფილა - ლევან ბეჟაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტზე

ლევან ბეჟაშვილი

 თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოყვა ამერიკის საელჩოს განცხადებას, რომელმაც თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.

ტექსტში წერია, რომ დელეგაციამ ოპოზიციის ლიდერებს გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ.

პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, შეხვედრაზე პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი განხილული არ ყოფილა და ნაბიჯები არსებული რეალობიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას.

"პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი განხილული არ ყოფილა ამ ეტაპზე, ვინაიდან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამას უკვე არანაირი შემხებლობა არ აქვს. წარსულში რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ამის განხილვას ჩვენ ბუნებრივია ვერ დავიწყებდით. ის მოცემულობა უნდა მივიღოთ, რომელიც ახლა გვაქვს. ბუნებრივია, მანდატების აღდგენას ვერავინ ვერ მოახდენს, მათ შორის კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას. ეს აბსურდია. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას ნაბიჯები", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივნის. გრიგოლ გეგელიას თქმით, ბოიკოტი და არჩევნებზე უარის თქმა ვერ იქნება სწორი გზა და მოხარულები არიან, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსაც იგივე პოზიცია აქვს.

"ბოიკოტი და არჩევნებზე უარის თქმა ვერ იქნება სწორი გზა წინ იმისათვის, რომ რეჟიმი დამარცხდეს. რა საკვირველია, ეს არის ის, რასაც აკეთებს და ამბობს "ლელო" უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის ამ პოზიციას, რომელიც ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური ბრძოლის ყველა ბერკეტის გამოყენება, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნების გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.