პარლამენტმა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა

 პარლამენტი

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 86 ხმით მხარი დაუჭირა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

როგორც მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, სისტემური რეგისტრაციის დროს საკუთრების უფლების აღიარების და სპორადული რეგისტრაციისას საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება 565-მდე მოქალაქეს შეეხება. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება ასევე შედის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს მიეცემათ შესაძლებლობა განახორციელონ შეთავსებითი სამუშაო.