პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

ტაბატაძე

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

„დღეს პოლიციელის დღეა და მინდა ჩვენს პოლიციელებს, ოფიცრებს, რიგითებს, ყველას, ვინც ღირსეულად ატარებს პოლიციელის მუნდირს მივულოცო პროფესიული დღე. ჩვენი პოლიციელები იცავენ მართლწესრიგს, ქვეყნის საზღვარს, ისინი უზრუნველყოფენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ, იცავენ სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, უმნიშვნელოვანესი და დასაფასებელია მეხანძრე-მაშველების საქმიანობა. ჩვენი პოლიციელების ძალისხმევაზე და თავდადებაზე დგას ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა.

ქართული პოლიცია დაკომპლექტებულია პროფესიონალი და ღირსეული თანამშრომლებით, იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, საკანონმდებლო ბაზა და ანალიტიკური სისტემა.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს მათი საქმიანობისთვის და თავდადებისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი მათი ოჯახის თითოეულ წევრს. აქვე მსურს გავიხსენო და პატივი მივაგო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას. ქედს ვიხრი მათი და მათი ოჯახის წევრების წინაშე.

ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და თანადგომა, ამიტომ ჩემი და მთელი კომიტეტის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მათ, ვუსურვებ წარმატებას და ვდგავარ მათ გვერდით.

მინდა აქვე, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელს, ბატონ ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო ახალ მინისტრს, ბატონ გელა გელაძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო პოზიციაზე.“ - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.