ნინო წილოსანი: თემურ ალასანია საჯაროდ არ მონაწილეობდა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა იყო გარკვეულწილად ჩრდილოვანი და რუხი კარდინალი, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებდა მიხეილ სააკაშვილის მავნებლობებს

ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა, რომ ქართველ ერს ავადმყოფობები აქვს.

„ყველას თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი ზუსტად იმ ჩანაწერით დაგვამახსოვრდა, როგორც ადამიანები, რომლებიც ზურგს უკან ასე ფიქრობენ და ასე საუბრობენ ქართველ ერზე. ეს არის დიაგნოზი, თუ როგორ უყურებენ ისინი ჩვენს ხალხს და ამ ქვეყანას.

ამის შემდგომ თემურ ალასანიასგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, რომელიც საჯაროდ და ოფიციალურად არ მონაწილეობდა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ნამდვილად იყო გარკვეულწილად ჩრდილოვანი და რუხი კარდინალი, რომელიც კარნახობდა და მნიშვნელოვნად განაპირობებდა მიხეილ სააკაშვილის მავნებლობებს. მათ შორის მისი კონტაქტები რუსეთთან თუ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

ჩვენთვის ალასანია უკვე ცნობილია, თუ როგორი დამოკიდებულებებით გამოირჩევა, თუმცა არანაკლებ საინტერესოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ჟურნალისტი, ქალბატონი კვესიტაძე ახლა ცდილობს ამ ადამიანის გათეთრებას. რისთვის დასჭირდათ ეს, რთული საკითხია“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.