ნიკოლოზ სამხარაძე: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან არიდება, ომი უკრაინაში, გადაიარაღება და არქტიკული უსაფრთხოება. ამ ჯერზე, გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო

ნიკოლოზ სამხარაძე

ბერლინში დღეს დასრულდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, რომელშიც ჩვენი დელეგაცია მონაწილეობდა, როგორც საკომიტეტო განხილვებში, ასევე პლენარულ სესიაზე,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, კითხვაზე, რომელიც ეხებოდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მარკ რუტემ უპასუხა, რომ არ არის ერთიანობა მოკავშირეებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, დღის წესრიგში არ დგას, ხოლო, მთავარი საკითხი აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, შავი და ბალტიის ზღვების, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება იყო.

 

“საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან არიდება, ომი უკრაინაში, გადაიარაღება და ასევე არქტიკული უსაფრთხოება. ამ ჯერზე გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო.დღეს პლენარულ სხდომას მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. კითხვაზე, რომელიც ეხებოდა უკრაინის გაწევრიანებას ნატოში, რუტემ უპასუხა, რომ არ არის ერთიანობა მოკავშირეებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ვრცელი საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ იყენებს რუსეთი ჰიბრიდულ ტაქტიკას ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ნატომ კიდევ უფრო მეტი დახარჯოს შეიარაღებისთვის, თუმცა წელს და შარშან უკვე 250 მილიარდი დოლარით მეტი აქვთ დახარჯული, ვიდრე აქამდე. ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა განხილვები და მთავარი საკითხი ისევ და ისევ იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, შავი ზღვის უსაფრთხოება, ბალტიის ზღვის უსაფრთხოება და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი სესია.”- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

✕