1771531835
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.
„ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ჩვენ საუბარი გვქონდა, ზოგადად უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე შევეხეთ მოსკოვის მექანიზმს და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოში ეს მისია საკმაოდ მაღალ დონეზე მიიღეს, ეს აჩვენებს საქართველოს გახსნილობას, მზაობას ნებისმიერ საკითხზე დიალოგი აწარმოოს.
ასევე, ვისაუბრეთ მომავალი წლისთვის ჩვენს კანდიდატურაზე - ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნად წარდგენილ კანდიდატურაზე. ასევე, საუბარი გვქონდა შიდაპოლიტიკურ პროცესებზე. ეუთოს გენმდივანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესები უფრო სტაბილური გახდა და მისთვის, როგორც გენმდივნისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაცია, როგორც აღმასრულებელ, ასევე საპარლამენტო პლატფორმაზე იყოს საკმაოდ აქტიურად წარმოდგენილი“, - აღნიშნა სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მას ასევე შეხვედრები ჰქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, პეტრა ბაიერთან და ასევე მედია თავისუფლების საკითხებში, ეუთოს წარმომადგენელთან იან ბრაატუსთან.











