1771531835
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა - დაიკითხა რამდენიმე მოწმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, პოლიცია იყო მობილიზებული. პოლიცია უკვე რამდენიმე პროცესია იცავს ტერიტორიას, რადგან დაზარალებულისა და ბრალდებულის ახლობლები ერთმანეთს ფიზიკურად არაერთხელ დაუპირისპირდნენ, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ, ადგილზე 15 პირი დააკავეს.
პროცესზე დღეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე გამოიკითხა. პროცესის დამთავრების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთეს გიორგი მიქაძის ადვოკატმა და საქმის პროკურორმა.
გიორგი მიქაძის ადვოკატი, შორენა ნიქაბაძე: "ჩვენ გვაინტერესებდა, გიორგი მიქაძეს ჰქონდა თუ არა რაიმე შემხებლობა ამ სასტუმროსთან, გელა უძილაურთან, გიორგი ჯოხაძესთან და დანაშაულში ფიგურანტ სხვა პირებთან. ამაზე როგორც წინა, ისე დღევანდელმა მოწმეებმა განმარტეს, რომ გიორგი მიქაძეს სასტუმრო "თაუერთან" რაიმე შემხებლობა არ ჰქონია".
საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე: "დაიკითხა სასტუმრო "თაუერის" ადმინისტრატორი, რომელმაც დაადასტურა, რომ გიორგი ჯოხაძე სარგებლობდა პრივილეგიებით - მას არ ახდევინებდნენ არავითარ თანხას. გელა უძილაური შეეცადა, სასტუმროს ტელეფონის ნომრიდან დაერეკა ჯერ ჩვეულებრივად, ქსელზე გიორგი ჯოხაძესთან, ხოლო შემდეგ - სოციალურ ქსელ "ვოთსაფის" მეშვეობით, მკვლელობის ჩადენის შემდეგ, 15-16 მარტს. ასევე, დაიკითხა მოწმე, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ სასტუმრო "თაუერიდან" გელა უძილაური წაიყვანა გიორგი ჯოხაძის ნათესავთან, ბრალდებულ მამუკა ბაღდავაძესთან, მასთან სატელეფონო კომუნიკაცია შედგა".









