1692302192
"ნაციონალური მოძრაობას" ჰყავს ბევრი ლიდერი, შესაბამისად, მეც, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველსაც და საზოგადოებასაც აინტერესებს, რომ დასახელდეს, ვინ არის ეს ადამიანი, ვისაც გულისხმობს ჩერგოლეიშვილი - ანა წითლიძე

პოლიტიკური დისკუსიის თემაა თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება, სადაც "ფედერალისტების" ლიდერი ამბობს, რომ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გეგმაზე, მსჯელობა ბაჩო ახალაიას სახლში მიმდინარეობდა. "ნაციონალურ მოძრაობაში" უარყოფენ თავდაცვის ყოფილი მინისტრის კავშირს 4 ოქტომბრის აქციასთან.
სააკაშვილის პარტიაში ამტკიცებენ, რომ ახალაია არც შეხვედრებში მონაწილეობდა, სახელისუფლებო გუნდისთვის კი ჩერგოლეიშვილის განცხადება დასტური და აღიარებაა, რომ რადიკალური სცენარის შემუშავებაში, სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი მონაწილეობდა და თან აქტიურად.
"კატეგორიულად გამოვრიცხავ რამე ტიპის შეხვედრას ან კავშირს ბაჩო ახალაიასი 4 ოქტომბერთან. მე არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს ჩერგოლეიშვილს, ვინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერზეა საუბარი, მაგრამ მეც მაინტერესებს და მოვუწოდებ, რომ დაასახელოს მაშინ, თუ მას კონკრეტული ინფორმაცია აქვს. "ნაციონალური მოძრაობას" ჰყავს ბევრი ლიდერი, შესაბამისად, მეც, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველსაც და საზოგადოებასაც აინტერესებს, რომ დასახელდეს, ვინ არის ეს ადამიანი, ვისაც გულისხმობს ჩერგოლეიშვილი. სამწუხაროა, რომ სუს-ის მოგონილ თეორიას ემთხვევა ჩერგოლეიშვილის ეს მესიჯბოქსი, რაც გუშინ მოვისმინეთ", - აცხადებს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა წითლიძე.