ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
მმართველი გუნდი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ "საინფორმაციო იერიშზე" საუბრობს. მათი განცხადებით, დეზინფორმაციულ კამპანიაში იკვეთება როგორც გარე აქტორების ინტერესი, ისე ადგილობრივი ძალების მცდელობა, ქვეყანაში ცრუ ნარატივები შექმნან.
უმრავლესობა აქცენტს აკეთებს დიდი ბრიტანეთის კავშირებზე საქართველოში მოქმედ კონკრეტულ მედიასაშუალებებთან. მაგალითად სახელდება პლატფორმა "აი ფაქტი", რომელიც, უმრავლესობის შეფასებით, წინასწარ ფლობდა ინფორმაციას ყულევის ტერმინალში შემავალი ტანკერის მოსალოდნელი დასანქცირების შესახებ.
ხელისუფლების მტკიცებით, ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სწორედ „აი ფაქტის“ მიერ დასახელებული გემი დასანქცირდა, ადასტურებს ამ მედიასაშუალების კოორდინაციას უცხოურ სპეცსამსახურებთან.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო მუშაობს გამართულად, სანქციების მიმართულებით.
"დღესავით ნათელია, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას, კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის ერთის მხრივ, მათი აქტივისტი ელჩი, მეორე მხრივ რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი "ენჯეო" სექტორი. ინფორმაციის გაცვლა კიდევ უფრო გახშირებულია, ვიდრე ადრე იყო.
არ მგონია "აი ფაქტი" ოპერატიულად მუშაობდეს, შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წინასწარ ჰქონოდათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ინფორმაცია გაზიარებული ბრიტანულ სპეცსამსახურებთან. ტელევიზიების უარგუმენტოდ დასანქცირება და თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა, რა თქმა უნდა, ამაზე მეტყველებს. ნაკლებ სავარაუდოა ბრიტანეთის ხელისუფლება აკვირდებოდეს როგორ ფუნქციონირებს "იმედი" ან "პოსტივი". ეს ყველაფერი აქედან იგზავნება, ხვეწნის რეჟიმში არიან რადიკალები, რომ რაღაცნაირად რაღაცები დასანქცირდეს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო მუშაობს გამართულად, სანქციების მიმართულებით.
სხვათა შორის, ბრიტანეთია, სადაც, სულ ბოლო დროს აღმოაჩინეს ბევრი ტრანზაქცია, რომელიც სანქციების გვერდის ავლას გულისხმობდა. დაახლოებით, 8 მილიარდ დოლარზეა საუბარი. ყველაზე მეტად ვინც აქტიურობდა ის ქვეყნები აღმოჩნდნენ სანქციების გვერდის ავლაში დადანაშაულებულები", - განაცხადა მაჭავარიანმა.