მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები ჩვენს ქვეყანას მიმზიდველ სახელმწიფოდ აქცევს და ხაზს უსვამს საკვანძო ფუნქციას, რაც საქართველოს ისტორიულად აქვს, როგორც აზიური და ევროპული ცივილიზაციების დამაკავშირებელს - თორნიკე ჭეიშვილი

თორნიკე ჭეიშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რაც საქართველოს დაკავშირებადობის კუთხით მიმზიდველ სახელმწიფოდ აქცევს.

ამასთან დაკავშირებით მან "რუსთავის 2" -ის გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

"ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს ბოლო პერიოდის დინამიკას, ვნახავთ, რომ თუნდაც ევროკომისიამ რამდენიმე პროექტი შეიტანა პრიორიტეტული და სტრატეგიული პროექტების ნუსხაში - ერთ-ერთი გახლავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.

ვიცით, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს აქვს ამბიციური და აბსოლუტურად რეალისტური მიზნები, რომ 2030 წლისთვის ჩვენ გავხდეთ აბსოლუტურად თვითკმარი ელექტროენერგიის გამომუშავების კონტექსტში და არამარტო საკუთარი თავის უზრუნველყოფა მოვახდინოთ, არამედ გავხდეთ ელექტროენერგიის ექსპორტიორები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის.

გარდა ამისა, ის კავშირები, ურთიერთობები, ვიზიტები, რომლებიც განხორციელდა ბოლო პერიოდში საქართველოში ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან, უახლოესი ერთი თვის პერიოდში, ესეც მრავლისმთქმელია იმ თვალსაზრისით, რასაც ჰქვია შესაბამისი სატრანსპორტო სქემების განვითარება და დამუშავება. ბუნებრივია, ამას ხვდება, თავის მხრივ, სათანადო მზაობა. ვგულისხმობ იმას, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი არის განხორციელების გადამწყვეტ ფაზაში.

ეს, ერთი მხრივ, შეიძლება დაუკავშირდეს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის მიმართულებას, მეორე მხრივ - სარკინიგზო რესურსების განვითარებას და სწორედ გუშინ იყო პრეზენტაცია იმისა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში როგორ უნდა განვითარდეს ეს მიმართულება.

ლაპარაკია ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას უაღრესად მიმზიდველ სახელმწიფოდ აქცევს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ საკვანძო ფუნქციას, რომელიც საქართველოს ისტორიულად აქვს, როგორც ერთგვარ გზაჯვარედინზე მყოფ სახელმწიფოს და აზიური და ევროპული ცივილიზაციების დამაკავშირებელს," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.