1766497440
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არ ვჩერდებით და ზურგს არ ვაქცევთ ევროკავშირში სვლას
ჩვენ არ ვჩერდებით და ზურგს არ ვაქცევთ ევროკავშირში სვლას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღეს არსებულ ურთიერთობებზე საუბრისას.
„დავინახეთ ჩვენი თანამოაზრე ქვეყნები, როგორ იბრძვიან ევროკავშირში, [დავინახეთ] მათი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, როგორ თანაგვიგრძნობენ, გვგულშემატკივრობენ და როგორ აღიარებენ საქართველოს წინსვლას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია მართული ძალაა.
„ვინ აქტიურობს საქართველოსთან მიმართებით? ხომ ვერ გაცდებით 10-15 ადამიანს, ლობისტური კამპანიებით დაფინანსებული ადამიანები, ესენი ხომ არ იცვლებიან, კუბილიუსები, ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები, რამდენიმე ევროპარლამენტარი. პარლამენტის 750 წევრიდან 10-15 პარლამენტარია, საქართველოში ევროკავშირის სახედ ითვლებიან თითქოს ეს ადამიანები, ეს ხომ წარმოუდგენელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.











