„გული ცუდად გამიხდა, ვუთხარი, შვილო, მაგიდაზე წამალია და მომაწოდე-თქო...“ - რას ჰყვება შვილიშვილის მიერ მძევლად აყვანილი ბებია

მძევალი ბებია

შვილიშვილის მიერ მძევლად აყვანილი ბებია „კურიერთან“ იმ 3 საათს იხსენებს, რა დროსაც მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

ნელი კაღაშვილი ჰყვება, რომ შვილიშვილმა ის ღუმელთან დასვა, ყელზე დანა მიადო და უთხრა, რომ არ განძრეულიყო. შეშინებული ქალი შვილიშვილის მოთხოვნებს დაემორჩილა.

3 საათის განმავლობაში, ბებიამ არ იცოდა, რატომ უკრძალავდა შვილიშვილი გადაადგილებას და რატომ ემუქრებოდა დანით. მძევლად აყვანის მიზეზი 76 წლის ქალმა სამართალდამცველების მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო. ირკვევა, რომ გიორგი კაღაშვილს ერთადერთი ულტიმატუმი ჰქონდა - ითხოვდა მისი ყოფილი მეუღლის უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიას მოკლავდა.

„ხელი ისე ჰქონდა მოჭერილი, რომ გასაქანი არ მქონდა... გული ცუდად გამიხდა, ვუთხარი, შვილო, მაგიდაზე წამალია და მომაწოდე-თქო. მერე წამალი მომაწოდა, მარცხენა ხელი ამიშვა. 112-ში თავად დარეკა. პოლიცია მალევე მოვიდა. პოლიციას ეუბნებოდა, ჩემი მეუღლე  ჩამომიყვანეთ იტალიიდანო...“, - იხსენებს ბებია.

76 წლის ქალის უკანონოდ აღკვეთილი თავისუფლება მაშინ დასრულდა, როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. რამდენიმეწუთიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პოლიციამ 32 წლის მამაკაცი გაანეიტრალა და დააკავა.

დანაშაული სიღნაღის რაიონის, სოფელ ქვემო ბოდბეში მოხდა. ირკვევა, რომ გიორგი კაღაშვილი პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. ოჯახის ინფორმაციით, მან ყოფილ მეუღლეზე იძალადა.

გიორგი კაღაშვილი, რომელიც სამართალდამცველებმა მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს, დანაშაულს არ აღიარებს.

დაკავებულს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.