მიხარია, რომ აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობა მართლმსაჯულების და სამართალდაცვით სფეროში კიდევ უფრო ღრმავდება - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი

საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მოლაპარაკება საქართველოს და ამერიკას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების გაფორმებაზე არის თანამშრომლობის წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს უფრო გააიოლებს და გააღრმავებს თანამშრომლობას იმ მიმართულებით, რომ დამნაშავეები საქართველოშიც და ამერიკაშიც სათანადოდ იყვნენ გასამართლებულნი.

"ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მართლმსაჯულების და სამართალდაცვით სფეროში მრავალ ათწლეულს ითვლის, რათა ვებრძოლოთ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს და დამნაშავეებმა სათანადოდ აგონ პასუხი. მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნების ხელისუფლება მოახდენს ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას და მიღებას, ის არა მარტო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას, არამედ გააუმჯობესებს ქართველი და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას, რადგან უზრუნველყოფს იმ დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე სათანადოდ წარდგენას​, რომლებმაც ჩაიდინეს ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრება, ტრეფიკინგი სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულები. მიმაჩნია, რომ ეს არის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო და მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მართლმსაჯულების და სამართალდაცვით სფეროში კიდევ უფრო ღრმავდება" - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.