მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველას, ვინც რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, ხელი უნდა შეუწყონ - ირაკლი ქადაგიშვილი მუსიკოს "კორძის" კონცერტის ევროპული სტრუქტურების მხრიდან დაფინანსებაზე

ქადაგიშვილი

 პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მუსიკოს "კორძის" კონცერტის ევროპული სტრუქტურების მხრიდან დაფინანსებას ეხმაურება. დეპუტატის შეფასებით, გაუგებარია, რატომ უწყობენ ხელს საქართველოში ისეთი ადამიანების წახალისებას, რომლებიც საზოგადოების გახლეჩას ემსახურებიან.

"აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს, აი, ასეთი გინების ენით შექმნილი რაღაცის პროპაგანდირება. თავიანთ ქვეყანაში ასეთ ადამიანს დააფინანსებენ? ან თავიანთ ქვეყანაში ასეთ ადამიანს სცენას დაუთმობენ? რა თქმა უნდა, არ დაუთმობენ, მაგრამ რატომღაც, მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველას, ვინც სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა საშუალებებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, ხელი უნდა შეუწყონ. პასუხი, რომელიც შეიძლება საზოგადოებისთვის მისაღები იყოს, არ აქვთ და ამიტომაც არ სცემენ პასუხს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს, ფესტივალ "კამარას" ფარგლებში დაგეგმილი მუსიკოსისა და აქტივისტის, "კორძის" კონცერტის მხარდამჭერები დანიის კულტურის ინსტიტუტი და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა არიან. აღნიშნული სტრუქტურები "რუსთავი 2"-ის შეკითხვას, იზიარებენ თუ არა პასუხისმგებლობას ღონისძიების შინაარსზე, ამ დრომდე არ პასუხობენ.