მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ღირსეულად წარვადგინოთ საქართველოს პოტენციალი, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით

მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს მონაწილეობა მსოფლიო მთავრობათა სამიტში მორიგი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გამხსნელი სიტყვის ფარგლებში ის პროგრესი და წარმატება გააცნო, რომელიც საქართველოს აქვს ეკონომიკის და სხვა არაერთი მიმართულებით, ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, საქართველოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - ინვესტიციების მომავალი.

„ეს ჩვენთვის მორიგი შესაძლებლობაა, რომ დავაინტერესოთ პოტენციური ინვესტორები - საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. მეორე მხრივ შეხვედრები გვქონდა მსოფლიო ლიდერებთან, ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გამყარებაზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.